Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლი:” ნაპოლიმ გამარჯვება დაიმსახურა, ლაციო ?…”

მილანის მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ ლაციოსთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„ნაპოლის გამარჯვება ჩემპიონატში ? პარტენოპეის ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს, მათ გამარჯვება დაიმსახურეს და მინდა ეს გამორჩეული წარმატება მივულოცო. კარგად გვახსოვს, თუ რამდენად დიდი ბედნიერებაა სკუდეტოს მოპოვება და იმედი მაქვს, რომ ამას ძალიან მოკლე დროში გავიმეორებთ.

„მილანის სირთულეები ? სანაკრებო პაუზის შემდეგ, მილანი მატჩებში დომინირებს, თუმცა ჩვენ მხოლოდ 2 გამარჯვება მოვიპოვეთ და ვიცით, რომ ეს საკმარისი არ არის. ჩვენ მეტოქე გუნდის საჯარიმოში უფრო აგრესიულები უნდა ვიყოთ და შექმნილი მომენტები უკეთ გამოვიყენოთ.

„არის თუ არა ხვალიდნელი მატჩი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში გადამწყვეტი ? ჩვენ ვიცით, რომ გასულ ტურებში ძალიან ბევრი ქულა დავკარგეთ და შეცდომების უფლება აღარ გვაქვს.

„ჩვენ სირთულეების გადალახვა გასულ თვეებში არაერთხელ მოგვიწია და ვიცით, თუ როგორ გავუმკლავდეთ ასეთ მომენტებს. მილანი მენტალურად და ფიზიკურად ბოლო წამადმე ბრძოლისთვის მზად არის.

„შარლე ? მან იცის, რომ არ უნდა დანებდეს და მუშაობა გააგრძელოს და ის ამას აკეთებს კიდეც. შარლე ძალიან ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს გუნდში მოხვდა და რა თქმა უნდა, მას ადაპტაციის პერიოდი სჭირდება.

„რა დაგვაკლდა მიმდინარე სეზონში სერია ა-ში ? ვფიქრობ, რომ გუნდი თამაშის ხარისხის მხრივ ყოველთვის საკმაოდ მაღალ დონეზე იყო, მაგრამ შედეგები მისაღები არ არის. ჩვენ გასულ სეზონში ვისარგებლეთ ფაქტით, რომ ჩემპიონთა ლიგა ადრეულ სტადიაზე დავტოვეთ, ახლა კი ჩვენ ნახევარფინალში ვართ, რაც დამატებით ენერგიას მოითხოვს.

„ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი ? მე ყოველდღე ძალიან ბევრ ქომაგს ვხვდები და ჩვენი პროგრესით ყველა ძალიან ბედნიერია. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში თამაშის საშუალება ყოველ წელს არ გეძლევა, ჩვენ ამ მატჩებით სიამოვნება უნდა მივიღოთ ფინალში მოსახვედრად ყველაფერი გავაკეთოთ.

„ლაციო ? მათ ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავთ, განსაკუთრებით ნახევარდაცვის ხაზში. მაურიციო სარის სრულყოფილი გუნდი ჰყავს, თუმცა ჩვენ ჩვენი უპირატესობები გვაქვს, რომელთა გამოყენებას ვეცდებით.“