Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლი:“ რაფას გამო ძალიან ბედნიერი ვარ, კამადას ტრანსფერი ?…“

მილანის მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ ვერონასთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„ლეაუს კონტრაქტი ? ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ მოლაპარაკებები პოზიტიურად დასრულდა, მინდა გუნდის ხელმძღვანელობას კომპლიმენტები ვუთხრა, რაფას კონტრაქტის გახანგრძლივება მთელი გუნდისთვის მნიშვნელოვანი სიახლეა. მე გუნდისა და ბიჭის სურვილი კარგად ვიცოდი, ამიტომ თავდაჯერებული ვიყავი, რომ ყველაფერი პოზიტიურად დასრულდებოდა.

„მოტივაცია ხვალინდელ მატჩში ? ჩვენ მილანი ვართ, რომელიც ხვალ 70,000 ქომაგის წინაშე ითამაშებს, ამაზე დიდი მოტივაცია საჭირო არ არის. ჩვენ გუნდის მაისურს და ქომაგებს პატივი უნდა ვცეთ და სეზონის პოზიტიურად დასრულებისთვის ვიბრძოლოთ.

„სატრანსფერო ფანჯარა ? ვფიქრობ, რომ ამ თემაზე საუბარი მწვრთნელის საქმე არ არის. მე გუნდის ხელმძღვანელობას უახლოეს პერიოდში შევხვდები და ჩვენ ყველა საკითხს განვიხილავთ.

„დიასი ? ბრაჰიმი ბოლო პერიოდში ძალიან განვითარდა. მე არ ვიცი, დარჩება თუ არა ბრაჰიმი ჩვენთან, ამ თემაზე პასუხი გუნდის ხელმძღვანელობას უნდა სთხოვოთ.

„რას ველოდები მომდევნო სეზონის მილანისგან ? ჩვენ აღარ ვართ გუნდი, რომელიც მე-5 და მე-6 ადგილზე დასრულებით კმაყოფილდება, ჩვენ როგორც ევროპაში, ასევე სერია ა-ში უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა გვინდა.

„დესტი ? ის გამორჩეული მახასიათებლების ფეხბურთელია. მას ჩვენს სქემასთან ადაპტაციის პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ეს დესტს ხარისხს არ უკარგავს. ხვალ ის ჩვენ ვერ დაგვეხმარება.

„რას ვპირდები ქომაგებს მომდევნო სეზონისთვის ? ახლა მე მათთვის მხოლოდ მადლობის გადახდა შემიძლია, რადგან ისინი გამორჩეულები არიან. მთელი სეზონის განმავლობაში და განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც გუნდს გარკვეული კრიზისი ჰქონდა, ჩვენი ქომაგები ყოველთვის გვერდში გვედგნენ, რამაც სიტუაციის გამოსწორების საშუალება მოგვცა.

„კამადა ? ის მილანის ფეხბურთელი არ არის და მე ამ თემაზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა ვიცი, რომ ის ძალიან ჭკვიანი და მაღალი დონის ფეხბურთელია.

„დე კეტლარი ? შარლე 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს, რაც ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილებაა. შარლეს თაობაზე, როგორც სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, გუნდი გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებს.

„როგორ შევაფასებდი ჩემს მუშაობას ? მე ერთი შეცდომა არ დამიშვია, მე ერთზე მეტი შეცდომა დავუშვი და ეს ჩემზე უკეთ არავინ იცის, რადგან ჩემს სამუშაოს ყველაზე კრიტიკულად სწორედ მე ვაფასებ, თუმცა ვიცი, რომ თითოეულ ჩვენგანს შეცდომებზე სწავლა და განვითარება შეგვიძლია, რაც უკვე არაერთხელ დავამტკიცეთ.“