Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლი:“ უდინეზესთან მატჩის გამო იმედგაცრუებულები ვართ, უმნიშვნელოვანესი შეხვედრა პსჟ-სთან…“

მილანის მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ პსჟ-სთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„ჩვენ უდინეზეს წინააღმდეგ დაფიქსირებული შედეგის გამო იმედგაცრუებულები ვართ და ამას არ ვმალავთ. ვიცი, რომ მე ძალიან ძლიერი გუნდის მწვრთნელი ვარ, რომელსაც კარგი თამაშისა და შედეგების ჩვენება შეუძლია, ჩვენ ეს ბრაზი ენერგიად უნდა გარდავქმნათ და ის მოედანზე გამოვიყენოთ.

„ხვალინდელი მატჩის მნიშვნელობა ? ეს დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგაზე უმნიშვნელოვანესია, ჩვენ სხვა გუნდების შედეგებზე დამოკიდებული ვერ ვიქნებით. მეტოქე ძალიან ძლიერია და წინ რთული მატჩი გველოდება, თუმცა ჩვენ შესანიშნავი ფეხბურთელები გვყავს და ვიცით, როგორ შევუქმნათ მათ პრობლემა.

„ნეგატიური პერიოდი ? ვფიქრობ, რომ ჩვენი თამაშით უკეთესი შედეგები დავიმსახურეთ. იუვენტუსთან და ნაპოლისთან გუნდი მარცხს არ იმსახურებდა, უდინეზესთან კი ჩვენ უბრალოდ ჩვენი რეალური შესაძლებლობები ვერ ვაჩვენეთ.

„სიტუაცია გასახდელში ? ჩვენ ერთმანეთთან ყოველთვის ვსაუბრობთ, რადგან სირთულეების გადალახვა მხოლოდ ერთიანობით არის შესაძლებელი. მილანში არანაირი დაძაბულობა არ არსებობს და გვინდა, რომ სიტუაცია მაქსიმალურად მოკლე დროში გამოვასწოროთ.

„სტვენა ქომაგების მხრიდან ? ეს სრულიად დამსახურებული იყო, მთავარი პასუხისმგებელი მე ვარ. გუნდმა სამუშაოდ შემიქმნა საუკეთესო პირობები, მყავს შესანიშნავი გუნდი და მჯერა, რომ ჩვენ სიტუაციას გამოვასწორებთ.

„ტრავმირებულები ? პულისიჩი, ლოფტუს-ჩიკი, ტეო და ჩუკვუეზე გუნდის დასახმარებლად მზად არიან.“