Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

საკი:“ მილანის კრიზისი პიოლის ბრალი არ არის“

ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა არიგო საკიმ მილანის თავკაცი სტეფანო პიოლი დაიცვა, რომლის მიმართ უდინეზესთან მარცხის შემდეგ დიდი კრიტიკა ისმის.

„იმედი მაქვს, რომ უდინეზესთან მატჩზე არავინ ფიქრობს, რომ ეს პიოლის ბრალია. ყველაზე დიდი შეცდომა გუნდმა ზაფხულში დაუშვა, როდესაც როსონერის ხელმძღვანელობამ ძალიან ბევრი უცხოელი ფეხბურთელი გაიფორმა, რომლებსაც არ ესმით ჩვენი ლიგა და ჯერ არ იციან, თუ რას ნიშნავს იყო მილანის ფეხბურთელი.

„მილანის ფეხბურთელები ხშირად დაბნეულები არიან, ისინი გუნდურ თამაშს ვერ ახერხებენ, ასე კი სტაბილურად კარგ შედეგებზე საუბარიც კი ზედმეტია.

„როდესაც მე მილანში მივედი, ხალხი მისტერ არავინს მეძახდა და მე მართლაც არავინ ვიყავი, მაგრამ ერთი რამ ვიცოდი, გუნდში ქედმაღალი, ინდივიდუალისტი და არაპროფესიონალი ფეხბურთელები არ მინდოდა.

„გუნდის ტრანსფერებში მწვრთნელმა მონაწილეობა აუცილებლად უნდა მიიღოს. როდესაც ჩვენ რაიკაარდის გაფორმებას ვგეგმავდით, მე მის დასაკვირვებლად ადამიანი გავგზავნე, რომელიც 2 კვირის განმავლობაში სწავლობდა, უყურებდა ის რას ჭამდა და როგორ ვარჯიშობდა. შენ პირველ რიგში ადამიანს უნდა მიაქციო ყურადღება და შემდეგ ფეხბუთელს.“