სარი:“ ლაციოში დარჩენა და კარიერის აქ დასრულება მინდა…“
ლაციოს თავკაცმა მაურიციო სარიმ ფეიენორდთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.
„გასულ სეზონში ფეიენორდთან გამარჯვება ? ამ სეზონში ისინი უფრო ძლიერები არიან, ამიტომ წინა წლის შედეგს არანაირი აზრი არ აქვს. ჩვენ 2 კვირის წინ ვნახეთ, თუ რამდენად ინტენსიურად და აგრესიულად შეუძლიათ მათ თამაში.
„როტერდამში მათ გვაჯობეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს, ხვალ კი ჩვენ მათთვის პასუხის გაცემის საშუალება გვაქვს. ჩვენ არც არავისზე მეტი, თუმცა არც არავისზე ნაკლებები ვართ, საკუთარი თავის უნდა ვირწმუნოთ და მოედანზე თავდაჯერებულები გავიდეთ.
„არის თუ არა ეს გადამწყვეტი თამაში ? ეს ძალიან მნიშვნელოვანი დაპირისპირებაა, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ყველაფერი ამ შეხვედრაში გადაწყდება.
„რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ჩემპიონთა ლიგა ? ჩვენთვის ამ ტურნირზე თითოეული მატჩი ზეიმია, პრივილეგია, რომლითაც სიამოვნება უნდა მივიღოთ, სერია ა-ში წარმატებული ასპარეზობა კი ჩვენი სამსახური და მოვალეობაა.
„ცნობები იმის შესახებ, რომ მე სეზონის ბოლოს გუნდს დავტოვებ ? მე ლაციოში ბედნიერი ვარ და როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნე, აქ კარიერის დასრულება მსურს.“