Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სპალეტი:” ეს თითოეული ფეხბურთელის დაუღალავი შრომის დამსახურებაა…”

ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ უდინეზესთან მატჩის შემდეგ, რომელშიც პარტენოპეიმ საჭირო ქულის მოპოვება შეძლო და ისტორიაში მე-3 სკუდეტო მოიპოვა, კომენტარი გააკეთა.

„პრობლემა ადამიანებისთვის, რომლებიც ყოველთვის ბოლომდე იხარჯებიან, როგორც მე, არის ის, რომ ჩვენ გამარჯვების აღნიშვნაც კი ბოლომდე არ შეგვიძლია. ჩვენ გავიმარჯვეთ და ისტორიულ შედეგს მივაღწიეთ, თუმცა მე უკვე მომდევნო მატჩებზე ვფიქრობ, ეს არის ცხოვრებისადმი მიდგომა, რომელიც შენ სიხარულის გარკვეულ ნაწილს გართმევს.

„ნეაპოლიტანელების სიხარული და მათი ღიმილის ნახვა ჩემთვის ყველაზე დიდი ემოციაა, სწორედ ისინი გადმომცემენ მე სიხარულსა და სიამაყის გრძნობას. ადამიანებს, რომლებსაც ცხოვრებაში პრობლემები აქვთ, ისინი სირთულეებს ამ შესანიშნავ მომენტზე ფიქრით გადალახავენ. მადლობა ღმერთს, რომ მე ნეაპოლს ეს სიხარული ვაჩუქე.

„არის თუ არა გამარჯვება ნაპოლიში სავალდებულო ? რა თქმა უნდა, რადგან ამ გუნდს გამორჩეული ფეხბურთელები და მწვრთნელები ახსოვს. გუნდში, სადაც დიეგო არმანდო მარადონა თამაშობდა, მე-3 პოზიციისთვის ვერ იბრძოლებ. გასულ სეზონში მე ბევრი ჩემს სიტყვებზე, რომ ჩვენ სკუდეტოსთვის ვიბრძოლებდით, იცინოდა, თუმცა ჩვენ ეს მოვახერხეთ. ეს გამარჯვება არა მხოლოდ ჩემი და გუნდში მოთამაშე დღევანდელი ფეხბურთელების, არამედ ბენიტესის, ანჩელოტის, სარის და გატუზოს წარმატებაც არის.

„ოსიმჰენი ? ძალიან ძლიერი ფეხბურთელი, რომელსაც დიდი გული აქვს და გუნდისთვის ყოველთვის ბოლომდე იხარჯება. ბურთის დანახვისას, ის პატარა ბავშვივით არის და მის მოსაპოვებლად ყველაფერს აკეთებს. ვიქტორი არის ფეხბურთელი, რომელმაც გუნდისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა და მან დაიმსახურა, რომ ტიტული სწორედ მისი გოლით მოვიპოვეთ.

„ვის ვუძღვნი სკუდეტოს ? პირველ რიგში ფეხბურთელებს, რომლებმაც ეს ემოცია დაიმსახურეს, შემდეგ კი ნეაპოლის თითოეულ მაცხოვრებელს, რომელიც ამ მომენტს ძალიან დიდი ხანი ელოდებოდა, ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც ამ გუნდისთვის მუშაობენ, ჩემს ოჯახს და ძმას მარჩელოს.“