Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სპალეტი:“ მილანმა შესანიშნავად ითამაშა და დამსახურებულად გაიმარჯვა“

ნაპოლის თავკაცმა ლუჩიანო სპალეტიმ მილანთან მატჩის თაობაზე კომენტარი გააკეთა.

„მილანმა ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა, მათ შეხვედრა შესანიშნავად დაიწყეს, ჩვენ მათ ზედმეტად ბევრი სივრცეები მივეცით, რაც როსონერიმ კარგად გამოიყენა და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა.

„ჩვენ იმაზე გაცილებით დაბალ დონეზე ვითამაშეთ, ვიდრე ამას მიმდინარე სეზონში მივეჩვიეთ, სიტუაციის შეცვლის სურვილმა კი ჩვენი საჯარიმოს სიახლოვეს კიდევ უფრო მეტი სივრცე შექმნა, რამაც საბოლოო ჯამში ამ ანგარიშამდე მიგვიყვანა.

„ოსიმენის არყოფნა ? ჩვენ სანაკრებო პაუზასა და ტრავმებს თავის გასამართლებელ საბუთად ვერ გამოვიყენებთ. ფეხბურთელები ნაკრებებში მილანსაც ჰყავდა გაშვებული, თუმცა მათ შესანიშნავად ითამაშეს.

„ჩემპიონთა ლიგა ? მე წილისყრის დასრულებისთანავე ვთქვი, რომ მილანთან მარტივი მატჩები არ გველოდებოდა და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. მილანი სერია ა-ს მოქმედი ჩემპიონია, რომელსაც ძალიან კარგი გუნდი და მწვრთნელი ჰყავს, თუმცა მომდევნო მატჩში სულ სხვა ნაპოლის იხილავთ.“