Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლი და ოსიმენი კვლავ ვერ თანხმდებიან, ნიგერიელის გაფორმებას ლივერპული და ჩელსი გეგმავენ

იტალიური მედიის ცნობით, ნაპოლისა და ვიქტორ ოსიმენს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები ახალი კონტრაქტის თაობაზე წინ ვერ მიიწევს და ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, 24 წლის ფეხბურთელის გუნდიდან წასვლის შანსი სულ უფრო იზრდება.

ოსიმენს მიმდინარე კონტრაქტი ნაპოლისთან 2025 წლის ზაფხულში იწურება, ამიტომ ნაპოლის მისი გაყიდვა სეზონის ბოლოს მოუწევს, თუ მან უახლოეს თვეებში ახალ ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა.

დანიელე ლონგოს ინფორმაციით, ოსიმენი წლიურად ხელფასის სახით 9 მილიონ ევროს ითხოვს, რის გადახდასაც აურელიო დე ლაურენტისი დათანხმდა, თუმცა მთავარ პრობლემად კვლავ ფეხბურთელის გამოსასყიდი პუნქტი რჩება.

დე ლაურენტისს სურს, რომ ოსიმენის ახალ კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა მინიმუმ 200 მილიონი ევრო იყოს, ფეხბურთელის წარმომადგენელი კი 120-130 მილიონზე მეტს არ თანხმდება.

ოსიმენის სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან ლივერპული და ჩელსი, რომლებიც ზაფხულში ნიგერიელის სანაცვლოდ ნაპოლის მსუყე წინადადებით მიმართავენ.